მუამარ კადაფის ერთგული შეიარაღებული ძალები ვერ შეძლებენ ნატოსა და დასავლეთის რიგი სახელმწიფოების მიერ დაგეგმილი თავდასხმისაგან თავდაცვას და მათ ძალიან მალე გაანადგურებენ. ეს პროგნოზი ანალიზის, სტრატეგიისა და ტექნოლოგიების ცენტრის საინფორმაციო განყოფილების ხელმძღვანელმა რუსლან ალიევმა გააკეთა.
"საბრძოლო მოქმედებების თვალსაზრისით, აშშ-სა და მისი მოკავშირეების მიერ ლიბიაზე მიტანილი ავიადარტყმების შედეგი ალბათ მოულოდნელობებით სავსე არ იქნება. სავარაუდოდ, აშშ-სა და მოკავშირეთა ძალებისათვის კადაფის შეიარაღებული ძალები წინააღმდეგობის გაწევას ვერ შეძლებენ. კადაფის არმია მალევე იქნება თამაშიდან გამოყვანილი და პოლკოვნიკის ისტორიული ეპოქა ამით დასრულდება", _ განაცხადა ალიევმა.
მისივე თქმით, ლიბიის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა მცირედ სერიოზულ წინააღმდეგობასაც ვერ გასწევს, ვინაიდან ტექნიკაც მოძველებულია და არც შესაბამისად მომზადებული კადრები არსებობენ.
"პოზიციებზე, ქვეყნის სანაპიროს გასწვრივ განლაგებულია რამდენიმე ათეული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი და "С -75", "С-125" და "С-200" სისტემა. მათი მიწოდება საბჭოთა კავშირიდან ჯერ კიდევ 1970-1980 წლებში ხდებოდა, ეს მოწყობილობები მოძველდა და ამიტომაც ხარისხით თანამედროვე ავიაციისათვის საფრთხეს არ წარმოადგენენ", _ განაცხადა ექსპერტმა.
მისივე თქმით, ლიბიის სამხედრო-საჰაერო ძალები ლიბიი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემაზე ნაკლებ სავალალო მდგომარეობაში როდი იმყოფებიან.