საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, რუსუდან კერვალიშვილმა, უკრაინის ვერხოვნა რადას წევრებს ქვეყანაში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები გააცნო.
შეხვედრაზე უკრაინის პარლამენტში წარმოდგენილი "უკრაინის ევროპული პარტიის" წევრები დაინტერესდნენ ჯანდაცვის, განათლების, საპენსიო და ეკონომიკის სფეროში მიმდინარე რეფორმებით, ასევე კორუფციასთან ბრძოლის საკითხებით.
როგორც უკრაინის ვერხოვნა რადას წევრმა, პოლიტიკური პარტია "უკრაინის ევროპული პარტიის" ლიდერმა ნიკოლაი კატერინჩუკმა აღნიშნა, მათი ვიზიტის ძირითად მიზანს საქართველოში მიმდინარე რეფორმების შესახებ გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს, რადგან უკრაინა სწორედ რეფორმების სტადიაშია.
"განსაკუთრებით წარმატებულად მიგვაჩნია კორუფციის წინააღმდეგ ოფიციალური ბრძოლა. ევროპასა და მთელს მსოფლიოში ყველა აღნიშნავს ამ სფეროში წარმატებული სტარტის შესახებ. ის, რომ პოლიციას 90%-იან ნდობას უცხადებენ, თქვენი ქვეყნის პრეზიდენტის და პარლამენტის დამსახურებაა და სერიოზულ ინტერესს იწვევს", - განაცხადა კატერინჩუკმა.
ამასთან, შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება ორ ქვეყანას შორის ორმხრივი თანამშრომლობის სხვა ასპექტებზედაც გაამახვილეს.
შეხვედრის შემდეგ კატერინჩუკმა განაცხადა, რომ საქართველოში უკვე განხორციელებული, პრაქტიკულად წარმატებული რეფორმის ყველა რეცეპტის გამოყენება შესაძლებელია როგორც უკრაინაში, ასევე სხვა ქვეყნებში.
"მთავარია, იყოს ამის პოლიტიკური ნება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა გამოავლინა და შედეგიც სახეზეა", - განაცხადა კატერინჩუკმა.