დღეს "თბილისი-მარიოტში" სხვადასხვა სფეროს ექსპერტებმა "ღია საზოგადოება საქართველოს" მხარდაჭერით ინიცირებული 2010 წლის ანგარიში წარადგინეს.
ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის პრეზენტაციაზე ასახული იყო, თუ როგორ ასრულებს საქართველოს ხელისუფლება ევროპის სამეზობლო პოლიტიკის მიხედვით აღებულ სამეზობლო ვალდებულებებს. ანგარიში მოიცავდა მედიასფეროში არსებულ პრობლემებს, კონსტიტუციურ ცვლილებებში არსებულ ხარვეზებს, ადამიანის უფლებებს, უსაფრთხოების, ეკონომიკის სფეროებს. მასში მონაწილეობდა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც უკვე წლებია, მუშაობენ კონკრეტულ საკითხებზე. ასევე, 2010 წლის ანგარიშის განხილვას ესწრებოდნენ რუმინეთის, საფრანგეთის ელჩები, საქართველოში ევროკომისიის ელჩი და ბულგარეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფილიპ დიმიტროვი.
როგორც მედიაექსპერტმა ნინო დანელიამ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, სახელმწიფო დაწესებულებებიდან ინფორმაციის მიღება ძალიან რთულია.
"გასულ წელს სერიოზული პრობლემები იყო ძალოვანი სამინისტროების თვალსაზრისით. ეს იყო პროკურატურა, შსს, სასამართლოები. მათგან საჯარო ინფორმაციის მიღება ძალიან რთულია და დღემდე სერიოზულ პრობლემად რჩება. მოსამართლეების არგუმენტია, რომ მათ ისედაც ბევრი საქმე აქვთ და აღარ რჩებათ დრო, გასცენ საჯარო ინფორმაცია", _ აცხადებს ნინო დანელია.
მისი თქმით, ასევე, ძალიან გაჭირდა საჯარო ინფორმაციის მიღება თბილისის მერიიდან. კერძოდ, უცნობია, რა ფული დაიხარჯა მაისში კულტურული ღონისძიებების ორგანიზებაზე.
"მრავალი მცდელობის მიუხედავად, ქართული საზოგადოებისთვის უცნობია, რა დაჯდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლე. ცხადია, ამ საკითხთან მიმართებით საზოგადოებრივი ინტერესი დიდია და იგი ღია უნდა იყოს. ჟურნალისტებს სრული უფლება აქვთ, მიიღონ ეს ინფორმაცია", _ აცხადებს დანელია.
შეგახსენებთ, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება საქართველოს მთავრობამ 2006 წელს იკისრა. ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებების შესრულების ანგარიში ფონდმა "ღია საზოგადოება _ საქართველომ" და ექსპერტთა ჯგუფმა მოამზადეს.