ოპოზიციონერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია პირობით ვადამდე გათავისუფლების ვადების შემცირებას ითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით ბაღათურიამ საკნონმდებლო ინიციატივით პარლამენტს უკვე მიმართა, რომელიც "სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.
კანონპროექტის თანახმად, პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ მსჯავრდებულმა სასჯელი ფაქტობრივად მოიხადა: ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი; მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი; განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ორი მესამედი; ორი მესამედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით ვადამდე გაათავისუფლეს.
ამასთან, გამასწორებელი სამუშაოთი ან თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული არასრულწლოვანი სასამართლომ შეიძლება პირობით ვადამდე გაათავისუფლოს სასჯელის მოხდისაგან, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა: ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის არანაკლებ ექვსი თვე; მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ერთი მესამედი; განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის ვადის არანაკლებ ნახევარი.