ბანკები სესხებს მხოლოდ ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნეს ჯგუფებისთვის გასცემენ. ამის შესახებ დღეს "ქრისტიან-დემოკრატებთან" გამართულ შეხვედრაზე ექსპერტმა დემურ გიორხელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სესხებზე ქართული ბანკების და უცხოური ბანკების მიერ დაწესებული საპროცენტო განაკვეთების სხვაობა უზარმაზარია.
"თუ სხვა ქვეყნებში ბიზნესზე საპროცენტო განაკვეთი 2,5%-დან 3,5%-მდე მერყეობს, საქართველოში 22% აღწევს" - აღნიშნა გიორხელიძემ.
მისივე თქმით, რაც არ უნდა კარგი და საინტერესო ბიზნეს გეგმა წარადგინო, ბანკები მასზე სესხს მაინც შერჩევით გასცემენ, რადგან მათ ნათელი დირექტივა აქვთ მიღებული, რომ მხოლოდ გარკვეულ და პრივილეგირებულ ბიზნეს ჯგუფზე გასცენ სესხი.
"თუ ვანო მერაბიშვილი დარეკავს, მისცემენ სესხს, რადგან იციან რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სხვანაირად წაუვათ საქმე", - განაცხადა გიორხელიძემ.
ამასთან, ექსპერტის თქმით, ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში სახელმწიფო წილი 40%-ია, რამაც ქვეყანას შესაძლოა კატასტროფული შედეგი მოუტანოს.
"გამოსავალი ადმინისტრაციული ხარჯების და ქვეყანაში დამატებითი ღირებულების გადასახადის შემცირებაა. ყველანაირი გათვლებით, შესაძლებელია დღგ 18%-დან 13%-მდე შემცირდეს, რაც ქვეყნის ეკონომიკას უფრო მეტ შედეგს მოუტანს", - აცხადებს გიორხელიძე.