პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს, ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, აუდრონიუს აჟუბალისს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ორმხრივ ურთიერობებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და ეუთო-ს თავმჯდომარეობისას ლიტვის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრეს.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ლიტვა საქართველოს მეგობარი და მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანაა.
ამასთან, მან ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრს ჟენევის მოლაპარაკებების პროცესის მიმდინარეობაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილთა მდგომარეობასა და საქართველოში ეუთოს მისიის ამოქმედებაზე ოკუპირებული ტერიტორიების მონიტორინგის კუთხით ესაუბრა.
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრის, ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის აუდრონიუს აჟუბალისის განცხადებით ლიტვა მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და მიესალმება იმ რეფორმებს, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს.
დავით ბაქრაძისა და აუდრონიუს აჟუბალისის შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები გიორგი წერეთელი და პაატა დავითაია, ასევე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი კენჭოშვილი და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ქავთარაძე დაესწრნენ.
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე აუდრონიუს აჟუბალისი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვია. აჟუბალისი თბილისში აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა, სადაც 13-14 მარტს ოფიციალური შეხვედრები გამართა. იგი საქართველოში ორი დღის განმავლობაში დარჩება, 17-18 მარტს კი ერევანს ეწვევა.