რუსმა ათლეტებმა არნოლდ შვარცნეგერს ვლადიმერ პუტინის ბრინჯაოს ქანდაკება აჩუქეს, რომელიც პეტერბურგელმა მოქანდაკემ ალექსანდრე ჩერნოშჩოკოვმა დაამზადა.
პუტინის 25 კილოგრამიანი ბიუსტი სცენაზე ეტლით შეიტანეს. რუსეთის ბოდიბილდინგისა და ფიტნესის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ დუბინინმა კი შვარცნეგერს უშუალოდ საზეიმო სადილზე გადასცა საჩუქარი. რკინის არნიმ დიდი მადლობა გადაიხადა საჩუქრისთვის და აღნიშნა, რომ ბრინჯაოს პუტინი ძლიერ ჰგავდა ორიგინალს.
ბოდიბილდერთა მიერ პირველი საჩუქარი შვარცნეგერმა ჯერ კიდევ 20 წლის წინ მიიღო. იმხანად მას თავად არნოლდ შვარცნეგერის 40 სანტიმეტრი სიმაღლის ქანდაკება გადაეცა. შვარცნეგერის გაცნობის შემდეგ პეტერბურგელმა ათლეტებმა შეიტყვეს, რომ შვარცნეგერი საბჭოთა და რუსი ლიდერების ბიუსტთა შეგროვებაზე ოცნებობდა. ამიტომ მოქანდაკე ალექსანდრე ჩერნოშჩოკოვმა ცნობილ მსახიობსა და სპორტსმენს ლენინისა და სტალინის ბიუსტებიც დაუმზადა.
პეტერბურგელი მოქანდაკე პუტინის ქანდაკებაზე რამდენიმე თვის მანძილზე მუშაობდა. მისი თქმით, პუტინს ყოველთვის სხვადასხვაგვარი გამოხედვა აქვს, ამდენად, რთული იყო ამ გამოხედვის დაჭერა. თუმცა მოქანდაკემ აღიარა, რომ მის მიერ შესრულებული პუტინი სერიოზული და დაფიქრებული გახლდათ, რადგან ამ შემთხვევაში, იგი პრემიერ-მინისტრს, როგორც პოლიტიკურ მოღვაწეს, აქანდაკებდა.
"თუკი მოვისურვებდი პუტინი ჩვეულებრივ ყოფაში გამესახიერებინა, მაშინ მის გამოხედვას ოდნავ ეშმაკობას დავამატებდი",_აღნიშნა მოქანდაკემ.
იგეგმებოდა, რომ პუტინის ქანდაკება შვარცნეგერისთვის თავად ქანდაკების ავტორს უნდა გადაეცა, თუმცა პეტერბურგელ მოქანდაკეს ამერიკის ვიზაზე უარი უთხრეს. საელჩოში მას განუმარტეს, რომ ამერიკაში ქანდაკების გადასაცემად გამგზავრების მიზეზი არც ისე მნიშვნელოვანი იყო. "ვიმედოვნებ, სამომავლოდ, როცა მედვედევის ბიუსტს შევასრულებ, ბოლოსდაბოლოს, გავიცნობ არნოლდ შვარცნეგერს",_აღნიშნა ალექსანდრე ჩერნოშჩეკოვმა.
პეტერბურგელმა მოქანდაკემ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელზე უკვე გაგზავნა წერილობითი თხოვნა, რათა მას მედვედევის პირადად გაცნობის უფლება დართონ. "ამით მედვედევის ბიუსტი ბევრად უფრო დამაჯერებელი იქნება",_მიიჩნევს ხელოვანი.