საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი გიორგი თარგამაძე ხელისუფლებას საზოგადოების ტყუილებით "გაბერვაში" ადანაშაულებს. ამის შესახებ გიორგი თარგამაძემ ეკონომიკური კუთხით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან და საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"საქართველოს მთავრობის ახალ-ახალი ინიციატივების მიუხედავად ვითარება ქართულ ეკონომიკაში მძიმდება, ინვესტიციების რაოდენობა კლებულობს და ამ ეტაპზე მხოლოდ ტყუილებით გვბერავენ, მაგალითად ტრამპის მსგავსი ისტორიით, რომ თითქოს ეს ადამიანი 250 მილიონის ინვესტირებას აპირებდეს ჩვენს ქვეყანაში და იმავე საღამოს ირკვევა, რომ მსგავსი განზრახვა ამ პატიოსან კაცს საერთოდ არ ჰქონიათ", - აღნიშნა თარგამაძემ.
"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერის თქმით, მთავრობასთან საპარლამენტო დებატების დროს სწორედ აღნიშნულ პრობლემებზე აპირებენ საუბარს.
"ამ პრობლემებზე საუბარს ჩვენ ვაპირებთ საქართველოს მთავრობის წევრებთან. თუმცა გვსურს, რომ ჩვენი შიდაპარტიული დისკუსიის შედეგად ჩამოყალიბებული მიდგომები, რომელიც საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას აღწერს და აყალიბებს, რომელმაც ქვეყანა ეკონომიკური, სოციალური კრიზისიდან უნდა გამოიყვანოს აუცილებელია ეს მიდგომები შეჯერდეს ჩვენი საექსპერტო საზოგადოების წარმომადგენლებთან", - აღნიშნა უმცირესობის ლიდერმა.
მისვე თქმით, "ქრისტიან-დემოკრატები" მიმდინარე კვირას სწორედ სამთავრობო დებატებისთვის მომზადებისთვის გამოიყენებენ და პოზიციებს ექსპერტებთან შეაჯერებენ.