მინისტრთა კაბინეტი მზად არის დეპუტატების ნებისმიერ კითხვას პასუხი გასცეს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა დღეს, პარლამენტის თავმჯდომარესთან, უმცირესობის და უმრავლესობის ლიდერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პოლიტიკური დებატები. მინისტრთა კაბინეტი პარლამენტში სამთავრობო დებატებისთვის სრულიად მზად არის. ჩვენ ძალიან კონკრეტული გეგმა და გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული ყველა იმ პრობლემაზე, რომელიც დღეს აინტერესებს პარლამენტს და საზოგადოება. მზად ვართ პასუხები გავცეთ ყველა კითხვას", - აღნიშნა ნიკა გილაურმა.
მისივე თქმით, დღეს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან გამართულ შეხვედრაზე პარლამენტში დაგეგმილი სამთავრობო დებატების გრაფიკი შეთანხმდა.
"22 მარტს დაიწყება დებატები, პირველი იქნება ჩემი გამოსვლა და მერე ამას მოჰყვება ეკონომიკური ბლოკის მინისტრების გამოსვლება, რომელიც გაგრძელდება რამდენიმე დღე და 25 მარტს შემაჯამებელი შეხვედრით დაიხურება", - აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, 25 მარტს პრემიერის შემაჯამებელი სიტყვის შემდეგ დებატები გაიმართება.
"დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრი კითხვა დაგროვდა ამ პერიოდის განმავლობაში", - დასძინა გილაურმა.
აღსანიშნავია, რომ 22 მარტს პარლამენტში სამთავრობო დებატებს პრემიერ-მინისტრის გამოსვლის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ფინანსთა მინისტრები ვერა ქობალია და კახა ბაინდურაშვილი გახსნიან.