დღეს, 15 მარტს თბილისს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით უკრაინის პარლამეტის წევრები ესტუმრებიან.
პარლამენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, უკრაინელი დეპუტატები ვიზიტის ფარგლებში პირველ შეხვედრას დღეს, 20:00 საათზე ვიცე პრემიერ-მინისტრ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ გიორგი ბარამიძესთან გამართავენ.
ვიზიტის მეორე დღეს უკრაინის „ვერხოვნა რადას" წევრები დილიდან შეხვედრებს საქართველოს პარლამენტში დაიწყებენ და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, გიორგი მელაძეს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, რუსუდან კერვალიშვილს, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს,
ზურაბ მელიქიშვილს შეხვდებიან.
17 მარტის კი უკრაინელი კანონმდებლები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეს, დავით გიორგაძეს და მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას შეხვდებიან.
იმავე დღეს, უკრაინის რადას წევრები შინაგან საქმეთა მინისტრ, ვანო მერაბიშვილთან გამართავენ შეხვედრას, ხოლო დღის მეორე ნახევარში დელეგაცია საქართველოს დატოვებს.