რუსეთის სამხრეთ რეგიონებში ხორბლის დიდი მარაგი დაგროვდა. ქვეყნის ხელისუფლების მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, მარცვლეულზე ემბარგოს დაწესების შესახებ, ხორბლის მწარმოებლები საგანგაშო მდგომარეობაში ჩააგდო.
როგორც მეწარმეები აცხადებენ, მალე მათ ახალი მოსავლის აღება მოუწევთ, მაშინ როდესაც მარცვლეულის საცავები გასული წლის მოსავლითაა სავსე. ექსპერტები აღნიშნული ვითარებიდან გამოსავლად ხელისუფლების მიერ ემბარგოს ნაწილობრივ გაუქმებას, ან კვოტების დაწესებას მიიჩნევენ.
მათი განცხადებით, თუ ხელისუფლება ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს შესაძლებელი იქნება მნიშვნელოვანი შემოსავლების მიღება, ხოლო საექსპორტო გადასახადიდან მიღებული შემოსავლის საფუძველზე ქვეყანა ხორბლის იმ მარაგის კომპენსირებას შეძლებს, რომელიც დეფიციტურ რეგიონებშია შექმნილი. მეწარმეები ასევე აცხადებენ, რომ წლევანდელი პრობლემა მხოლოდ ემბარგოს არ უკავშირდება და ის ქვეყანაში მარცვლეულის არასწორი გადანაწილებითაა გამოწვეული.