ქართული მხარე იაპონიაში 40-კაციან სამაშველო ჯგუფს გაგზავნის. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის მერიის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის უფროსმა თემურ გიორგაძემ განუცხადა, ჯგუფი დედაქალაქის მერიის საგანგებო სიტუაციათა სამსახურისა და შსს-ის საგანგებო სიტუაციათა სამმართველოს მაშველებით დაკომპლექტდება.
მისივე ინფორმაციით, რივე სამსახურიდან 20-20 მაშველი შეირჩევა, თუმცა როდის მოხდება მათი იაპონიაში გამგზავრება, ჯერ უცნობია.
"მაშველები საუკეთესოდ არიან მომზადებულნი და ისეთ ექსტრემალურ სიტუაციაში მუშაობის გამოცდილებაც გააჩნიათ, როგორიც იაპონიაში შექმნილი. ჩვენს მაშველებს უცხოელ ინსტრუქტორებთან ერთად აქვთ შესაბამისი სწავლებები გავლილი", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" გიორგაძემ, რომლის თქმითაც, ქართველი მაშველები, სავარაუდოდ, მიწისძვრითა და ცუნამის შედეგად დაზარალებული ქალაქების ნანგრევებისგან გასუფთავებაზე იმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ იაპონიის დახმარების გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო. სამაშველო ჯგუფების გარდა, ქართული მხარე დაზარალებული იაპონელების დასახმარებლად ფულადი კომპენსაციის გამოყოფასაც გეგმავს.