გაეროს უშიშროების საბჭო ამ წუთებში საგანგებო სხდომას მართავს. სპეციალურ შეკრებაზე ლიბიის არასაფრენ ზონად გამოცხადების შესახებ არაბული ლიგის წინადადება განიხილება.
საფრანგეთის ელჩი გაეროში ჟერარ ორუ იმედს გამოთქვამს, რომ არაბული ლიგის ეს ინიციატივა გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მხარდაჭერილი იქნება.
აღსანიშნავია, რომ ლიბიის არასაფრენ ზონად გამოცხადების თაობაზე საფრანგეთმა და ბრიტანეთმა რეზოლუციის პროექტიც მოამზადეს, რომელიც ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს ჯერ არ განუხილავს.
შეგახსენებთ, რომ ლიბიაში სამოქალაქო ომია. ქვეყნის ლიდერის მუამედ კადაფის გადადგომის მოთხოვნით მოსახლეობა და ოპოზიციის წარმომადგენლები თითქმის ერთი თვეა აქციებს მართავენ. კადაფი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ საბრძოლველად ჯარს, დაქირავებულ ბოევიკებსა და ავიაციას იყენებს. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, ის რამდენიმე ათასს აღწევს. ლიბიის მეთაურს გადადგომისკენ საერთაშორისო ორგანიზაციები და მსოფლიო ლიდერებიც მოუწოდებენ, რომლებიც ქვეყანაში მშიდობის იძულებითი უზრუნველყოფისთვის ლიბიის არასაფრენ ზონად გამოცხადებისა და იქ სამხედრო ძალების შეყვანის საკითხებს განიხილავენ.