დღეს, 15 მარტს, 11:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აშშ-ის ელჩი საქართველოში, ჯონ ბასი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე, ნათია მიქელაძე და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, არჩილ ფრანგიშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითრების სააგენტოს და პროექტის "თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა" (ნათელი) წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გახსნიან ენერგოეფეტური სატესტო მოწყობილობებით ახლახან აღჭურვილ ენერგოაუდიტისა და დიაგნოსტიკის ლაბორატორიას. ლაბორატორია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის VIII კორპუსში (კოსტავას ქ. 77) გაიხსნება.
პროექტი "ნათელი", რომელსაც "ვინროკ ინტერნეიშენალი" აშშ-ს საერთაშორისო განვითარების პროგრამის თანადგომით ახორციელებს, ხელს უწყობს ენერგოეფექტური და განახლებადი ენერგიის გამოყენებას საქართველოში. პროექტის ერთ-ერთი კომპონენტი ფოკუსირებულია ენერგოეფექტური ღონისძიებების განხორციელებაზე საცხოვრებელ სახლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, როგორიც არის, ტექნიკური უნივერსიტეტი.
აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში პროგრამამ "ნათელი" საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გადასცა $39,977 აშშ. დოლარის ღირებულების ენერგოეფექტურობის სატესტო მოწყობილობა, რომელიც მოიცავს თერმული გაჟონვების საზომ მოწყობილობას, ციფრულ სტრობოსკოპს, ტემპერატურისა და ტენიანობის საზომს, CO2-ის გაჟონვის იდენტიფიკატორს, და ა.შ..
აღნიშნული საქმიანობის პარალელურად, პროექტი "ნათელის" დახმარებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს გადაეცა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მფლობელობაში არსებული ენერგოეფექტურობის სატესტო მოწყობილობა, საერთო ღირებულებით $5,307 აშშ. დოლარი და პროგრამის ენერგეტიკის განვითარება სოფლად ფარგლებში შეძენილი გაზის ანალიზატორი "ტესტო", საერთო ღირებულებით $4,034 აშშ. დოლარი.
ამ ხელსაწყოების გადაცემის შედეგად საქრთველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგოაუდიტისა და დიაგნოსტიკის ლაბორატორია მთლიანად იქნება აღჭურვილი იმ ტექნოლოგიებით, რაც სტუ-ის პროფესორებს და სტუდენტებს შეუქმნის მნიშვნელოვან საფუძველს ჩაატარონ ენერგოაუდიტები და მაღალ პროფესიულ დონეზე განსაზღვრონ, თუ რომელი ენერგოეფექტური ღონისძიებების დანერგვა არის ეკონომიკურად მომგებიანი.
"ნათელი - თანამედროვე ენერგოეფქტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა" არის აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი, რომლის მიზანია ენერგოეფექტური ტექნოლოგიების დანერგვა საქართველოში. ორწლიანი პროექტი "ნათელი"2009 წლის ოქტომბერში დაიწყო.
"ნათელის" მიზნობრივი ჯგუფები საქართველოში ენერგიის მსხვილი მომხმარებლები არიან - საავადმყოფოები, თბილისის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობათა ასოციაციები და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, რომელთაც პროექტი ეხმარება ენერგოეფქტური ღონისძიებების განხორციელებასა და ელექტროენერგიის გადასახადის შემცირებაში.