დღეს, 15 მარტს, 12:00 საათზე, სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" ათასწლეულის ფონდი და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ("საქსტატი") სამწლიანი ინტენსიური თანამშრომლობის შედეგებს შეაჯამებენ. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ათასწლეულის გამოწვევის პროგრამის სოციალური და ეკონომიკური ზეგავლენის შეფასებასთან დაკავშირებით განხორციელებული კვლევების შედეგები, სტატისტიკური პუბლიკაციები, მათ შორის ქვეყნის ატლასი მუნიციპალიტეტების რუკებით და სხვა საინფორმაციო ბროშურები.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი აბდუშელიშვილი, აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი და "საქსტატის" აღმასრულებელი დირექტორი ზაზა ჭელიძე. ღონისძიებას, აგრეთვე, დაესწრებიან საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის, საფინანსო ინსტიტუტების, ბიზნეს- და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი და ექსპერტები.
ათასწლეულის ფონდსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის 2008 წლის აპრილში გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში "საქსტატმა" 1,865,379 აშშ დოლარის დაფინანსება მიიღო, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ორი მნიშვნელოვანი კვლევა, მათ შორის შინამეურნეობების ინტეგრირებული გამოკვლევა და სოფლის ინფრასტრუქტურის აღწერა. კვლევების შედეგები წარმოდგენილი იქნება ზემოაღნიშნულ ღონისძიებაზე.
გარდა ამისა, ათასწლეულის ფონდის მიერ "საქსტატისთვის" გამოყოფილი 377,188 აშშ დოლარის ოდენობის ტექნიკური დახმარება მოხმარდა საერთაშორისო ფასთა შედარების პროგრამაში (ICP) მოსამზადებელ სამუშაოს, პერსონალის ტრენინგებსა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებას. ასევე, ფონდმა "საქსტატს" საჩუქრად გადასცა კომპიუტერული ტექნიკა და ქსელური მოწყობილობები, რაც ხელს შეუწყობს "საქსტატის" შიდა კომპიუტერული ქსელის გამართულად მუშაობას.
ათასწლეულის პროგრამის ფარგლებში "საქსტატისთვის" გამოყოფილმა მთლიანი დაფინანსების თანხამ 2,242,567 აშშ დოლარი შეადგინა.