დღეს, 15 მარტს, 12:30 საათზე, პარლამენტში პრემიერ-მინისტრს, ნიკოლოზ გილაურს ელოდებიან. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა.
"მე მქონდა კონსულტაციები პრემიერ-მინისტრთან, რომელიც აშშ-იდან ჩამოვიდა. შევთანხმდით, რომ მოვა პარლამენტში და შეხვედრა ექნება ჩემთან", - აღნიშნა ბაქრაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ უმრავლესობის და უმცირესობის ლიდერებს შესთავაზა შეხვედრაზე დასწრება.
"პრემიერ-მინისტრთან ერთად გავიაროთ ყველა დეტალი, რომ უკვე დავგეგმოთ, როგორ, რა ფორმით მოხდება მთავრობის საპარლამენტო პლენარული მოსმენები, რომელი თემებია საინტერესო უმრავლესობისთვის და უმცირესობისთვის", - აღნიშნა ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ 22 მარტს პარლამენტში საგანგებო კვირას პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური გახსნის, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი და ჯანდაცვის მინისტრი სანდრო ურუშაძე უპასუხებენ, 23 მარტს დებატებში ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია და სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი ჩაერთვებიან.
24 მარტს პარლამენტს ანგარიშს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანი, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ჩააბარებენ.
25 მარტის კი საგანგებო სხდომაზე შემაჯამებელი სიტყვით სამთავრობო დებატებს გილაური დახურავს.