ხვალ, 15 მარტს, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზში თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრის, "საქართველოს სინფონიეტას" კონცერტი გაიმართება.
ორკესტრს უდირიჟორებს არაერთი უმაღლესი კლასის ორკესტრის დამაარსებელი, სამხატვრო ხელმძღვანელი, დირიჟორი და კონცერტმეისტერი ლევ მარკიზი.
პროგრამაშია: ბ. ბრიტენი (1913-1976) - „უბრალო სიმფონია" სიმებიანი ორკესტრისთვის op.4; ვ.ა. მოცარტი (1756-1791) - დივერტისმენტი F-dur, kv.138; ფ. მენდელსონი (1809-1947) - სიმფონია N10. h-moll; დ. შოსტაკოვიჩი (1906-1975) - კამერული სიმფონია op.110a.
ლევ მარკიზი იყო პირველი ქართული კამერული ორკესტრის კონსულტანტი. 1978 წელს, მისი ხელმძღვანელობით, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტურმა ორკესტრმა, ქალაქ ბერლინში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე მოიპოვა პირველი ადგილი. იგი სისტემატურად ეხმარება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიისა და მუსიკალური სასწავლებლების სტუდენტებს სწავლის პროცესში სტიპენდიებით, მუსიკალური ინსტრუმენტებით და ინსტრუმენტებისთვის საჭირო აქსესუარებით, სანოტო მასალით.