კავკასიის რეგიონში, სეისმურად აქტიურ ზონაში მდებარე სომხეთის ატომურ ელექტრისადგურს, რომელზედაც მოძველებული რეაქტორებია, გარკვეული პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში საფრთხის შექმნა საქართველოსთვისაც შეუძლია. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს"საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანმა გია არაბიძემ განუცხადა.
"სომხეთის ატომური სადგური უკვე დაკეტილი და გაჩერებული უნდა იყოს. მას მუშაობა 2010 წელს უნდა შეეწყვიტა, რადგან გარკვეული პრობლემები აქვს. ის ვერ უზრუნველყოფს მიწისძვრის შემთხვევაში სერიოზული დაზიანებებისგან დაცვას. გარდა ამისა, ორივე რეაქტორს საექსპლუატაციო პერიოდი დიდი ხანია გაუვიდათ", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" არაბიძემ.
მისი განმარტებით, სომხეთში თანამედროვე, სერიოზული დაცვისა და მაღალი სიმძლავრის მიწისძვრების გამძლე ატომური ელექტროსადგური უნდა აშენებულიყო, თუმცა პროცესი სამჯერ გადადეს.
"ღმერთმა დაგვიფაროს და თუკი სომხეთში მიწისძვრა მოხდა, ეს უბედურება იქნება სომეხი ხალხისთვის და თუ ქარმა რადიაქტიული ნივთიერებები საქართველოსკენ წამოიღო (ქარის მიმართულებას დიდი მნიშვნელობა აქვს), ჩვენი ტერიტორია დაბინძურდება, ისე, როგორც ეს ჩერნობილის შემთხვევაში მოხდა. პირდაპირი გამოსხივება შესაძლოა არ შეგვეხოს, თუმცა საქართველოში და მთელ მსოფლიოში რადიაციული ფონი მოიმატებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს, ალბათ, არ იქნება ისეთი ძლიერი ფონი, რომ ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას", - განმარტა სტუ-ის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანმა.
კავკასიის რეგიონში ერთადერთი ატომური ელექტროსადგურზე, რომელიც სომხეთში ერევნიდან 20-30 კილომეტრის დაშორებით, ქალაქ მეცამორთან მდებარეობს, ამჟამად მხოლოდ მეორე ენერგობლოკი მუშაობს. 2011 წლის 17 თებერვალს მთავრობამ ეს ბირთვული მასალის შეტანაზე ლიცენზია 5 წლით გაუგრძელა. სადგური, რომელიც 1976 წელსაა აშენებული, ამჟამად 407.5 მგვ ელექტროენერგიას აწარმოებს. გვრცელებული ინფორმაციით, სადგურს ფუნქციონირება 2016 წლამდე შეუძლია
ყოველწლიურად ის 90 მირთვული საწვავის "კასეტას" გადაამუშავებს, რომელიც სადგურზე რუსეთიდან შეაქვთ.