2012 წლიდან "ეკო-პრემიების" პროგრამას გარემოს დაცვის სამინისტრო უხელმძღვანელებს.
სასტუმრო "თბილისი მარიოტში" დღეს 2011 წლის "ეკო-პრემიების" დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გოგა ხაჩიძემ და BP-ის გენერალურმა მენეჯერმა ნილ დანმა მიიღეს.
"ეს არის პროექტი, რომელიც სტიმულს აძლევს ქართულ კომპანიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ხელს უწყობს მრავალი კარგი იდეის განხორციელებას. სამინისტრო გასულ წელსაც მონაწილეობდა დაჯილდოების ცერემონიაში და BP-ისთან გვაქვს შეთანხმება, რომ დაჯილდოებები გაფართოვდება, გაიზრდება დაფინანსება, რომ მეტი სტიმული ჰქონდეს ჩვენს არასამთავრობო ორგანიზაციებს, განახორციელონ გარემოსდაცვითი პროექტები," - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.
BP-მ, ნავთობისა და გაზის პროექტებში პარტნიორების სახელით, "ეკო-პრემიების" მესამე საკონკურსო წლისფარგლებში ჩატარებულ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული 6 ორგანიზაცია დააჯილდოვა: ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაცია, გურამ თიკანაძის სახელობის სვანეთის ახალგაზრდული ცენტრი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, კავკასიის რეგიონალური გარემოსდაცვითი ორგანიზაცია, სოფლად თემთა განვითარების სააგენტო და ასოციაცია კავკასიის გენეტიკა. ასევე, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო წინა წლების ეკო-პრემიების გამარჯვებული ათი პროექტი.
ცერემონიას საერთაშორისო ორგანიზაციების, სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გარემოსდაცვით ინიციატივას საფუძველი 2009 წელს ჩაეყარა, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, აქტიურად ჩაერთონ გარემოსდაცვითი საკითხების პრაქტიკული გზით მოგვარების საქმეში. ეკო-პრემიების პროგრამა BP-ის, ნავთობისა და გაზის პროექტებში მისი პარტნიორების,HSBC ბანკის ინიციატივით და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მხარდაჭერით ხორცილედება.
2012 წლიდან 3 წლის განმავლობაში "ეკო-პრემიების" პროგრამას გარემოს დაცვის სამინისტრო უხელმძღვანელებს.