ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო მდივანი ნესტან კირთაძე საზოგადოებას "წართმეული ძალაუფლების" დაბრუნების საკუთარ გეგმას სთავაზობს.
გეგმა 4 ინიციატივისგან შედგება, რომელიც კირთაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე წარმოადგინა.
"დღეს, როდესაც შეიცვალა მსოფლიო, ქართველი ხალხის, საქართველოს მოქალაქეების განსაკუთრებული მოვალეობაა _ ხელისუფლებას დაათმობინოს და დაიბრუნოს, ერთპარტიული რეჟიმის მიერ მიტაცებული ხალხის ძალაუფლება. წარმოგიდგენთ საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ოთხ ინიციატივას, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ჩვენმა ხალხმა რეალურად დაიბრუნოს წართმეული ძალაუფლება და, ხვალ, სწორედ ჩვენი ხალხი, საქართველოს მოქალაქეები გახდნენ განმსაზღვრელნი და პასუხისმგებელნი ხელისუფლებაზეც და საქართველოს მომავალზეც", - განაცხადა კირთაძემ.
რაც შეეხება უშუალოდ ინიციატივებს, პარტიის საერთაშორისო მდივნის განმარტებით, პირველი არჩევნების სავალდებულო ხასიათს შეეხება.
"საარჩევნო პოლიტიკურმა სისტემამ, კანონის ნორმით უნდა განსაზღვროს საქართველოს მოქალაქეების ვალდებულება, არჩევნებში მათი მონაწილეობისათვის, რადგან სწორედ ჩვენმა ხალხმა უნდა დაიბრუნოს რეალური ძალაუფლება და გახდეს ვალდებული და პასუხისმგებელი საქართველოში ხელისუფლების შეცვლაზე",- განმარტა კირთაძემ.
მისივე თქმითმ მეორე ფაქტორი, რამაც ხელისუფლების მიერ ხალხისთვის წართმეული ძალაუფლების უკან დაბრუნება უნდა განაპირობოს, გაუქმედეს მაჟორიტარების სისტემის გაუქმებაში მდგომარეობს.
"მაჟორიტართა კორპუსი არ გახლავთ პოლიტიკური კორპუსი და საქართველოს უახლესი გამოცდილებიდან ვიცით, რომ მააჟორიტარები წარმოადგენენ ბიზნესმენთა და მილიონერთა კლუბს. მაჟორიტართა კორპუსი საქართველოს პარლამენტში არსებობს ერთადერთი ნიშნით და ეს გახლავთ რეჟიმისადმი პოლიტიკური ერთგულება და ისედაც ერთპარტიალ პარლამნეტში ხელოვნურად ქმნიან კონსტიტუციურ უმრავლესობას. ესენი არ არიან პროფესიონალი პოლიტიკოსები და მათ არ უნდა ვანდოთ კანონებისა და საპასუხისმგებლო პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება. მათი მონაწილეობა წარმომადგენლობით ორგანოში და ზოგადად პოლიტიკაში ნიშნავს წმინდა წყლის ელიტური კორუფციის ხელშეწყობას, ხდება მათი ფულის კაპიტალიზაცია პოლიტიკაში. ფულის და პოლიტიკის ერთმანეთთან შერწყმამ კი გამოიწვია პოლიტიკის კრიმინალიზაცია, წარმოშვა ელიტური კორუფცია, მონოპოლიები და შესაბამისად ამ ადამიანების ხელში გადავიდა გავლენის სფეორები, რომელმაც ყველა სხვა უბედურებასთან ერთად ჩვენს ქვეყანაში გზა ჩაუკეტა თავისუფალი ბიზნესის განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას", - აღნიშნავს კირთაძე.
რაც შეეხება დანარჩენ ორ ინიციატივას, ისინი საარჩევნო კომისიის მხოლოდ პარიტეტის პრინციპზე შექმნასა და საჭიროების შემთხვევაში ხმების ხელახალი გადათვლის კანონის ნორმით განსაზღვრას გულისხმობს.
"საარჩევნო კომისია უნდა დაკომპლექტდეს თითო პოლიტიკური პარტიიდან თითო წარმომადგენლით და არცერთ შემთხვევაში უმრავლესობის მიერ ვითომ პროფესიონალური ნიშნის მიხედვით, რადგან სიტყვა პროფესიონალიზმი ერთგვარი სატყუარა აღმოჩნდა ჩვენი საზოგადოებისათვის და საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის. სინამდვილეში კი ხელისუფლებამ საარჩევნო კომისია შეავსო მისი მხარდამჭერი პერსონებით, რამაც არჩევნების შედეგების ტოტალური გაყალბება გამოიწვია. რაც შეეხება საჭირო შემთხვევაში ხმების ხელახალი გადათვლის კანონით უზრუნველყოფას, ეს აუცილებელია. არსებობს ამ პრინციპის საერთაშორისო გამოცდილება", - დასძინა მან.
გარდა ამისა, ლეიბორისტული პარტიის საერთაშორისო მდივნის თქმით, ამ მოთხოვნებს, პარტიის სახელით, ის ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს გადასცემს, რომელიც თბილისს ხვალ ეწვევა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრას.