საზღვრისპირა რეგიონების საკითხი საფრთხეების შეფასების დოკუმენტში აისახება.
როგორც დღეს, უშიშროების საბჭოს მდივანის მოადგილე, ბათუ ქუთელიასთან უმცირესობის შეხვედრის დროს, ვიცე-სპიკერმა პაატა დავითაია აღნიშნა, მიზანშეწონილი იქნებოდა თუ კონცეფციაში საზღვრისპირა რეგიონებთან დაკავშირებული პრობლემები ცალკე ქვეთავად ჩამოყალიბებულიყო.
"უსაფრთხოების კონცეფციაში ჩემი შენიშვნა იყო საზღვრებთან დაკავშირებით სისტემა ჩამოყალიბდეს, მოსახლეობის ჩასახლებიდან დაწყებული მათი განსახლებით დამთავრებული. ის ანექსია, რომელიც რუსული მხარის მიერ მიმდინარეობს გათვალისწინებული უნდა იყოს", - აღნიშნა დავითაიამ.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ბათუ ქუთელიამ განაცხადა, რომ პრობლემა ნამდვილად მნიშვნელოვანია, თუმცა მისი უსაფრთხოების კონცეფციაში გათვალისწინების შემთხვევაში აუცილებელია გახდება სხვა პრობლემების ამოწევაც, რაც დოკუმენტს "დაამძიმებს".
"საზღვრისპირა რეგიონების საკითხი, მათ შორის დემოგრაფიული პრობლემები და ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხები საფრთხეების შეფასების დოკუმენტში აისახება, რომელზე დაყრდნობითაც შემდეგ სამინისტროების სამოქმედო სტრატეგიები მომზადდება", - აღნიშნა ქუთელიამ.