საქართველოს პრეზიდენტის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი წარმატებით მიმდინარეობს. ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეს ვიზიტი ეკონომიკური და საინვესტიციო ხასიათისაა, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ შეხვედრებსაც გამართავს.
"ამ კვირაში საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდება. ასევე შეხვედრას გამართავს აშშ-ს უმრავლესობის ლიდერთან და სენატის "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერთან. ჩვენი შეფასებით, ვიზიტი წარმატებით მიმდინარეობს. ჩვენი მოლოდინიც იყო, რომ პოზიტიური შედეგები უნდა მოჰყოლოდა პრეზიდენტის ამ ვიზიტს, მაგრამ ის აშკარად იმაზე უკეთესია, ვიდრე ჩვენ ველოდით"-განაცხადა კალანდაძემ.