ხვალ, 15 მარტს, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი აუდრონიუს აჟუბალისი ეწვევა.
ოფიციალური ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე საქართველოს პირველ პირებთან გამართავს შეხვედრას.
"ბატონი აჟუბალისის ვიზიტი მნიშვნელოვანია, რადგან იმედი გვაქვს, რომ ეუთოსთან ჩვენი თანამშრომლობის რეაბილიტაცია სწორედ საქართველოს მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის თავმჯდომარეობის პირობებში მოხდება. ამ დროისთვის ეუთოსთან ჩვენი ურთიერთობა ისეთი აქტიური არ არის, როგორც გვინდა და როგორსაც ვისურვებდით", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
აღნიშნულის კონტექსტში, კალანდაძემ იმედი გამოთქვა, რომ ეუთოსთან ურთიერთობების გამოცოცხლება ორგანიზაციის ისეთი ქვეყნების თავმჯდომარეობის დროს მოხდება, როგორიც ლიტვა და საქართველოს სხვა მეგობარი სახელმწიფოებია.
"ჩვენ გვსურს ეუთო მეტადიყოს ჩართული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში არსებულ პრობლემებში", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
აუდრონიუს აჟუბალისი საქართველოში 17 მარტამდე დარჩება.