ბრიუსელში, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ტექსტის შემუშავების მიზნით მოლაპარაკებების მეოთხე პლენარული სესია იმართება.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სესიაში მონაწილე ქართულ დელეგაციას მისი კოლეგა, უწყების ხელმძღვანელის კიდევ ერთი მოადგილე თორნიკე გორდაძე ხელმძღვანელობს.
"ასოცირების შესახებ შეთანხმება ჩვენთვის ამ წუთისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმატია ევროკავშირთან ურთიერთობაში. შესაბამისად, ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ტექსტის შემუშავებას. საბოლოო ჯამში, როცა ტექსტი მზად იქნება და ასოცირების შეთანხმება გაფორმდება, ის ჩაანაცვლებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის "პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ" შეთანხმებას, რაც ჩვენი ქვეყნისა და ამ ორგანიზაციის ურთიერთობას ხარისხობრივად უფრო მაღალ დონეზე აიყვანს", - განმარტა ნინო კალანდაძემ.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების ტექსტის შემუშავების მიზნით მოლაპარაკებების სამი რაუნდი უკვე გაიმართა. მეოთხე სესია კი, რომელიც დღეს დაიწყო, ხვალ, 15 მარტს დაიხურება.