ლიბიიდან გაქცეული ქართველი მეზღვაურები ამ დრომდე მალტის ნავსადგურის მისასვლელთან, რეიდზე რჩებიან.
საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შესაბამისი გემის პორტში შეშვების საკითხი ამ დრომდე ვერ გადაწყდა.
"ქართული მხარე მეზღვაურებთან უწყვეტ კავშირზე იმყოფება. ამ ეტაპზე ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ საქართველოს მოქალაქეები პორტში შეგვეყვანა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა, რადგან შაბათ-კვირა დაემთხვა", - განუცხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ნინო კალანდაძემ ჟურნალისტებს.
მისივე განმარტებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური თბილისი მალტის მხარესთან მოლაპარაკებებს დღეიდან ისევ განაახლებს.
შეგახსენებთ, რომ ერთწლიანი ტყვეობის შემდეგ ლიბიაში მყოფმა ქართველმა მეზღვაურებმა გაქცევა ერთი კვირის წინ შეძლეს და მალტის ნავსადგურამდე მისვლა მოახერხეს.