საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, ქართველი სამართალდამცველების მიერ ისრაელის მოქალაქეების დაკავების გამო თბილისსა და თელავივს შორის ურთიერთობების გაფუჭების არანაირი ნიშანი არ არის.
"ეს არის ცალსახა კრიმინალური საკითხი, რომელიც უნდა განიხილებოდეს ამ ჭრილში და არ შეიძლება პოლიტიკური ურთიერთობების ჭრილში გადავიდეს. ამ ეტაპზე არანაირი ნიშანი არ არის, რომ ეს ასე განიხილება და ჩვენს ურთიერთობებს რაიმე საფრთხე ემუქრება. ისრაელთან გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობები და ეჭვი მეპარება, რომ მას რაიმე დაუმუქროს", - განუცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ნინო კალანდაძემ ჟურნალისტებს.
ამასთან, მინისტრის მოადგილემ ისრაელში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ვიზიტის ჩაშლის საკითხზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ვიზიტი არ გაუქმებულა და ის დროებით გადაიდო.
"ვიზიტი მხოლოდ გადაიდო. ჩვენ დაგვიკავშირდა ოფიციალური ისრაელი და გვთხოვა, გაგებით მოვკიდებოდით ამ გარემოებას. მათი განმარტებით, ვიზიტის გადადება ორი გარემოებით არის განპირობებული _ ქნესეთში სამთავრობო დებატების მოულოდნელად დანიშვნით, რის გამოც მათი გრაფიკი შეიცვალა და პალესტინასთან მოლაპარაკებების ახალი რაუნდის დაწყებით", - განმარტა კალანდაძემ.