საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იაპონიის საელჩოსთან თანამშრომლობისკენ სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებულ ქვეყანაში მყოფ ქართველ არალეგალებსაც მოუწოდებს.
"საქართველოს საელჩოს კოორდინატები ხელმისაწვდომია ყველასთვის. ჩვენს მოქალაქეებს, განურჩევლად იმისა, იაპონიაში ლეგალური გზით იმყოფებიან, თუ არალეგალურად, განვიხილავთ თანასწორად და ჩვენთვის მათი დახმარება ისეთივე სავალდებულოა, როგორც სხვა მოქალაქეების", - განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე.
მისივე განმარტებით, იქედან გამომდინარე, რომ არალეგალები საელჩოებთან ურთიერთობას გაურბიან, ოფიციალური თბილისი იაპონიაში ამ სტატუსით მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა ვარაუდობს, რომ ის ბევრი არ იქნება.
"ნებისმიერ სახელმწიფოში არალეგალის სტატუსის მქონე პირებზე ინფორმაციის მიღება ჭირს, რადგან ისინი არ არიან რეგისტრირებულნი და საელჩოებთან ურთიერთობას ერიდებიან. შესაბამისად, ჩვენ მათ შესახებ ვიგებთ ხოლმე მაშინ, როცა რაიმე კონკრეტულ ინციდენტს აქვს ადგილი. იაპონია ამ თვალსაზრისით, საბედნიეროდ, იმით გამოირჩევა, რომ იქ არალეგალები ნაკლებად იმყოფებიან. ამიტომაც, ძნელი წარმოსადგენია, რომ იაპონიის ტერიტორიაზე ამ სტატუსით საქართველოს ბევრი მოქალაქე იმყოფებოდეს", - განმარტა მინისტრის მოადგილემ.
რაც შეეხება იაპონიაში ლეგალურად მცხოვრებ საქართველოს 35 მოქალაქეს, კალანდაძის თქმით, საელჩომ კონტაქტზე გასვლა ყველა მათგანთან შესძლო და არც ერთს სტიქიური უბედურებების შედეგად საფრთხე არ შეხებია.
შეგახსენებთ, რომ იაპონიაში 11 მარტს 9 ბალიანი მიწისძვრა მოჰყვა, რამაც ცუნამიც გამოიწვია. არსებული ინფორმაციით, სტიქიების შედეგად 10 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა