საქართველოს მთავრობა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ იაპონიას დაეხმარება.
როგორც ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, მთავრობის გადაწყვეტილებით, იაპონიაში სამაშველო სამსახურის ბრიგადები გაიგზავნება. ამასთან, საქართველო მიწისძვრითა და ცუნამის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ფულად კომპენსაციასაც გამოყოფს.
"ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის უკვე გაიმართა სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც იაპონიის მხარე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას მიესალმა... საუბარია სტიქიური უბედურებების შედეგად დაზარალებულ ქვეყანაში სამაშველო ჯგუფების გაგზავნაზე. ასევე მიმდინარეობს მსჯელობა ფულადი დახმარების აღმოჩენის თაობაზეც", - განმარტა კალანდაძემ, თუმცა ამ ეტაპზე არ დაუკონკრეტებია, რა რაოდენობის ფულად კომპენსაციას გამოყოფს ქართული მხარე.
"დახმარების კონკრეტული დეტალები უახლოს დღეებში გადაწყდება. ჩვენ მზად ვართ, იაპონიას ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში დავეხმაროთ", - აღნიშნა კალანდაძემ.
ამასთან, მინისტრის მოადგილემ საგარეო უწყების სახელით იაპონიაში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა და მას "სამწუხარო ფაქტი" უწოდა.
"ეს ძალიან სამწუხარო ფაქტია. იაპონიასთან საქართველოს არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს. ის ერთ-ერთი ქვეყანაა იმ სახელმწიფოებს შორის, რომელიც საქართველოსადმი დახმარების თვალსაზრისით ძალიან აქტიურია", - დასძინა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ იაპონიაში 11 მარტს 9 ბალიანი მიწისძვრა მოჰყვა, რამაც ცუნამიც გამოიწვია. არსებული ინფორმაციით, სტიქიების შედეგად 10 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.