დღეს, 14 მარტს, "ეროვნულ-დემოკრატიული" პარტია ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციასთან დაკავშირებით საკუთარ შენიშვნებს წარადგენს.
პარტიის ლიდერის ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, მათი ძირითადი შენიშვნა კონცეფციაში ეროვნული ღირებულებების გაუთვალისწინებლობას შეეხება და მის პრეზენტაციას ეროვნული უშიშროების საბჭოსა და საპარლამენტო უმცირესობის შეხვედრაზე მოახდენს.
"რატომღაც ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის პროექტში ქვეყნის ეროვნული ღირებულებებისთვის ადგილი ვერ მოიძებნა.პროექტის მეათე პუნქტში, რომელიც ეროვნულ ღირებულებებს ეხება, მხოლოდ ზოგადად არის დაფიქსირებული, რომ საქართველო მრავალეთნიკური ქვეყანაა. ტექსტში არაფერია ნათქვამი არც ეროვნულ ღირებულებებზე და არც იმ ფუნდამეტნტურ ეროვნულ ფასეულობებზე, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო ეფუძნება. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიისთვის ამ საკითხისადმი ასეთი ზერელე დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია", - განმარტა ქარდავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმცირესობა დღეს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს, ბათუ ქუთელიას შეხვდება.