თუ საქართველო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების წინააღმდეგ სიჯიუტეს გააგრძელებს ქვეყანა ორგანიზაციას შესაძლოა თბილისის თანხმობის გარეშე შეუერთდეს. ეს განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღეს გააკეთა.
"იმ შემთხვევაში თუკი ჩვენი ქართველი კოლეგები ასეთ პოლიტიზირებულ პოზიციაზე ჯიუტად იდგებიან, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხის მათი თანხმობის გარეშე დაგაწყვეტა მოგვიწევს. ასეთი შესაძლებლობები არსებობს", _ განაცხადა სერგეი ლავროვმა რუსეთის ტელევიზიის "3 არხზე".
ამათან ერთად, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პოზიცია, რომლითაც საქართველო აღნიშნულ საკითხს უდგება მდგომარეობს მოთხოვნაში ქართული საბაჟო კონტროლის დამყარების შესახებ "რუსეთისა და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საზღვრებზე" და ამ პოზიციას არავითარი საერთო არა აქვს რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში მიერთებასთან.
"ამ საკითხებს არავითარი საერთო არა აქვს რუსეთის გაწევრიანებასთან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში და ეს გზა უპერსპექტივოა", _ განაცხადა სერგეი ლავროვმა და აღნიშნა, რომ აშშ-სა და ევროკავშირის ხელშეკრულებამ მკაფიოდ განაცხადა, რომ ისინი ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის უსწრაფეს გაწევრიანებაში დაინტერესებულნი არიან.
"ეს დაადასტურა ჯოზეფ ბაიდენმა და ევროკავშირიც ძალიან ძალიან დაინტერესებულია იმაში, რომ ჩვენ რაც შეიძლება მალე მივუერთდეთ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას, იმიტომ რომ ამით მოგებული დარჩება ყველა, მათ შორის რუსეთიც და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ეს კარგად ესმით. ჩვენ კი მათ ვუთხარით, რომ თუ მათ მართლაც აქვთ ინტერესი და ეს გულწრფელი ინტერესია, მათ უნდა დაარწმუნონ თბილისი იმაში, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას ხელი არ შეუშალოს", _ განაცხადა სერგეი ლავროვმა.