შევთხოვთ უფალს, წმინდა სამებას, რომ მშვიდობა და მთლიანობა მოგვცეს ჩვენ და მთელ მსოფლიოს. ამის შესახებ დღეს, საკვირაო ქადაგების დროს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბრძანა.
"მრავალი პრობლემების წინაშე დგას მთელი მსოფლიო. თქვენ ხედავთ რა ხდება იაპონიაში, სხვა ქვეყნებშიც და ჩვენ შევთხოვთ უფალს, წმინდა სამებას, რომ მშვიდობა და მთლიანობა მოგვცეს ჩვენ და მთელ მსოფლიოს", - ბრძანა პატრიარქმა.
ამასთან, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს განუმარტა, რას ნიშნავს მართმადიდებლობის ზეიმი.
"მარხვის პირველ კვირას მართმადიდებლობის ზეიმი იმართება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ იყო პერიოდი, VII-VIII საუკუნეები, როცა ზოგიერთი ამბობდა, რომ ხატი არ არის საჭირო, ხატი არის კერპი. იყვნენ ისეთი ადამიანები, თავდადებულნი, სულიერნი, რომლიც ხედავდნენ ამ ხატში პირველსახეს. ხატი არის სარკმელი, რომლითაც ჩვენ ვხედავთ ზეცას, ვხედავთ ზეციურ სამყაროს", - დასძინა ილია მეორემ.
საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ილია მეორემ სასულიერო პირები სხვადასხვა წოდებებით დააჯილდოვა.