"ფუკუსიმა-1" ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე რადიაციული ფონი იზრდება. მაცხოვრებლებს მოუწოდებენ ფანჯრები დახურონ. ინფორმაციას ამის შესახებ იაპონური ტელეკომპანია "NHK" პრეფექტურის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მომხდარი მიწისძვრის შემდეგ სპეციალისტები ვერ ახერხებდნენ ატომური ელექტროსადგურის ქვეშ დაგროვილი გაზის გაყვანას და წნევის დაწევას. იყო საშიშროება იმისა, რომ მომატებული წნევა რადიაციის გაჟონვას გამოიწვევდა. თუმცა იაპონიის ეკონომიკის სამინისტრომ გაააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ სპეციალისტებმა დაგროვილი გაზის გაყვანა შეძლეს.
შეგახსენებთ, რომ მიწისძვრის შედეგად დაზიანებულ პირველ რეაქტორთან ფუკუსიმას ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა.
ადრე ვცელდებოდა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ელექტროსადგურზე რადიაციის გაჟონვა მოხდა.
აღსანიშნავია, რომ რადიოაქტიური ცეზიუმი აღმოჩენილია "ფუკუსიმას" ატომური ელექტროსადგურის პირველ ენერგობლოკთან. სადგურზე საგანგაშო მდგომარეობაა.
სპეციალისტების განმარტებით, აღნიშნული ნიშნავს, რომ რეაქტორში საწვავის გალღობა მოხდა.