იაპონიაში მომხდარი მიწისძვრიდან თითქმის 24 საათის გასვლის შემდეგ ათასობით ადამიანი ვერ პოულობს საკუთარ ახლობლებს. სტიქიური უბედურების ზონებში საგანგებო ვითარებაში მუშაობენ მაშველები.
თუმცა ყველა დაკარგულის მოძიება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
CNN-ი ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტელეკომპანიის შტატგარეშე კორესტონდენტი ლისი კრაფტი ამ დრომდე ვერ პოულობს საკუთარ შვილს, რომელიც მიწისძვრის დროს ეპიტცენტრთან მდებარე სენდაეს ერთ-ერთ სკოლაში იმყოფებოდა. ანალოგიურ ვითარებაშია უამრავი ადამიანი.
"სატელეფონო კავშირი ჯერაც არაა. ვერ შევძელი მასთან დაკავშირება ტელეფონის მეშვეობით. ვერ ვუკავშირდები ვერც მის მასწავლებლებს და ამხანაგებს" - განუცხადა ტელეკომპანიას კრაფტმა და დასძინა, _ "აქ იმაზე რთული ვითარებაა ვიდრე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ".
შეგახსნებთ, რომ იაპონიაში მომხდარი 8.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრასა და ცუნამს 1000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. დაკარგულია ათასობით ადამიანი, რომელთაგანაც, სავარაუდოდ, უმრავლესობა დაღუპულია.
სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობს 2000 ადამიანი პოლიციის სპეცგანყოფილებიდან, მათ განკარგულებაშია 11 თვითმფრინავი. მუშაობს 547 სახანძრო ჯგუფი, რომელთა რიცხვი 2-3 ათასს შეადგენს. ამოქმედებულია 9 სახანძრო საავიაციო რაზმი და სახანძრო საზღვაო 8 ბრიგადა.
თავდაცვის სამინისტროს ხაზით ოპერაციაში ჩართულია 300 თვითმფრინავი და 40 გემი. იაპონიის სანაპირობეთან იმფოფება აშშ-ს ავიამზიდი „რონალდ რეიგანი", რომელიც სამაშველო ოპერაციებისთვის საკუთარ ვეტმფრენებს იყენებს.