დღეს, 12 მარტს, ქართველ მომღერალს, ლირიკულ-დრამატულ ტენორს, ზურაბ სოტკილავას 74 წელი შეუსრულდა.
ზურაბ ლავრენტის ძე სოტკილავა 1937 წლის 12 მარტს სოხუმში, დაიბადა. 1960 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, 1965 წელს - ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის კონსერვატორია (პროფ. დ. ანდღულაძის კლასი). 1965-1974 წლებში იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის სოლისტი.
1966-1968 წლებში სოტკილავა მივლინებული იყო მილანის საოპერო თეატრ "ლა სკალაში" სტაჟიორად. 1974 წლიდან მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტია. სოტკილავას შესრულება გამოირჩევა გამომსახველობით, გემოვნებით, მგზნებარე ტემპერამენტით, ლირიკული სიფაქიზითა და დახვეწილი ოსტატობით. მის მიერ შესრულებული პარტიებია: აბესალომი (ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი"), არზაყანი (თაქთაქიშვილის "მთვარის მოტაცება"), ვოდემონი (ჩაიკოვსკის "იოლანტა"), მანრიკო, ოტელო, რიჩარდი, რადამესი, ჰერცოგი (ვერდის "ტრუბადური", "ოტელო", "ბალ-მასკარადი", "აიდა", "რიგოლეტო"), ხოზე (ბიზეს "კარმენი"), კავაროდოსი (პუჩინის "ტოსკა"), ედგარი (დონიცეტის "ლუჩია დი ლამერმური"), ინდოელი სტუმარი (რიმსკი-კორსაკოვის "სადკო") და სხვა.
სოტკილავა ეწევა საკონცერტო მოღვაწეობას. არის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა საერთაშორისო ფესტივალის მთავარი პრიზის "ოქროს ორფევსის" (სოფია, 1968) მფლობელი, პ. ჩაიკოვსკის სახელობის IV საერთაშორისო კონკურის (ბარსელონა, 1970, I პრემია და "გრან პრი") ლაურეატი, ბოლონიის ხელოვნების აკადემიის საპატიო წევრი (1980); მინიჭებული აქვს ზ. ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო პრემია (1983). 1975 წლიდან მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგია.