იაპონიაში ყურადღების ცენტრში "ფუკუსიმას" ატომური ელექტროსადგურია, სადაც მიწისძვრის შემდეგ ხანძარი გაჩნდა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა პრეფექტურის წარმომადგენლებმა ატომური ელექტროსადგურის 2-კილომერიან რადიუსში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს.
იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალური მდივნის, იუკიო ედანოს განცხადებით, ერთ-ერთ რეაქტორზე გაგრილების სიტემამ არ იმუშავა.
"ამ დროისთვის გარემოსთვის რაიმე სახის ზიანის მიყენების ფაქტი დაფიქსირებული არ არის", _ განაცხადა მან, თუმცა დასძინა, რომ იაპონიის თავდაცვის ძალები ბრძანების საფუძველზე ფუკუსიმასკენ გაფრინდნენ.
ბრიტანელი მეცნიერების განმარტებით, ატომური რეაქტორის აფეთქების საშიშროება არ არის. თუმცა არსებობს გარემოს რადიაციული დაბინძურების რისკი, "სიტუაცია კვლავ რთულია. უახლოესი საათები კი კრიტიკული".
იაპონიის ხელისუფლების ინფორმაციით, მიმდინარეობს ხანძრის ჩაქრობა ონაგავას ატომურ ელექტროსადგურზე, რომელიც ასევე სტიქიური უბედურების ზონაშია. ატომური ელექტროსადგურის თავზე ჩანს თეთრი კვამლი. ქვეყნის სხვა ელექტროსადგურები საშტატო რეჟიმში მუშაობენ.