საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ადამიანის უფლების დაცვისა და ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლაშა თორდიამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენელს, ვიცე-სპიკერს ანზორ ბოლქვაძეს მოუწოდა ჯონდი ბაღათურიას გამოსვლაზე კომენტარი არ გაეკეთებინა.
როგორც დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ლაშა თორდიამ განაცხადა, ბაღათურიას ინიციატივა ნიშნავს, რომ მოხდეს მთლიანად კონსტიტუციის გადახედვა და ქვეყნის ახალი საკონსტიტუციო მოწყობა.
"ჯარიმების დაწერების უფლება საქართველოს კონსტიტუციით ცენტრალურ ხელისუფლებას აქვს მინიჭებული, ხოლო პარკირების წესების დაგენა თვითმართველობებსაც შეუძლიათ. ბაღათურიას მოწოდება კი ნიშნავს, რომ მთელ კონსტიტუციას უნდა გადავხედოთ თავიდან, ამიტომ მოვუწოდებ ანზორ ბოლქვაძეს, მის გამოსვლაზე კომენტარი არ გააკეთოს", - აღნიშნა თორდიამ.
შეგახსენებთ, რომ ბაღათურიამ ვიცე-სპიკერ ანზორ ბოლქვაძეს მოუწოდა, უფლებამოსილების დელეგირებასთან დაკავშირებით წინადადებები მოამზადოს, რომ რეგიონებს შიდა პრობლემების მოგვარება ადგილზე შეეძლოთ.
დეპუტატის შეფასებით, საქართველოს პარლამენტში არ უნდა იხილებოდეს ისეთი საკითხები, როგორიც პარკირების წესი და ხუთლარიანი ჯარიმა.