ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში, როგორიც არის პატიმრობის შეცვლა საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, პოლიტიკურ პოზას ოპოზიცია არასდროს დაიკავებს. ამის შესახებ პლენარულ სხდომაზე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვის დროს ოპოზიციონერმა დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა.
"ასეთი საკითხების განხილვის დროს ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკური პოზა არასდროს არ იქნება, რადგან ეს არის რეალურად წინგადადგმული ნაბიჯი", - აღნიშნა დეპუტატმა.
ლორთქიფანიძის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის კოდექსში ალტერნატიული სასჯელის სახით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ადრეც იყო ჩადებული, მაგრამ მისი მოუქნელობის გამო ამ შეღავათით პატიმრები ვერ სარგებლობდნენ.
შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების თანახმად საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის შეფარდება თავისუფლების აღკვეთის ან შეზღუდვის ნაცვლად პილოტური წესით თავდაპირველად თბილისში განხორციელდება.
აღნიშნულ კანონპროექტს პარლამენტი მესამე მოსმენით დაამტკიცებს.