პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის მიერ სხდომათა დარბაზიდან გაძევებულ ვიცე-სპიკერ ლევან ვეფხვაძეს, შესაძლოა, ფინანსური სანქცია დაეკისროს.
პარლამენტის რეგლამენტის 263-ე მუხლის თანახმად, პარლამენტის წევრის მიმართ დაწესებულია ზემოქმედების შემდეგი ფორმები: პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვის ჩამორთმევა; გაფრთხილება; გაფრთხილება ოქმში შეტანით; სხდომათა დარბაზის დატოვება; ხელფასის დაკავება.
რეგლამენტის 264-ე მუხლის თანახმად კი, პარლამენტის წევრს, რომლის მიმართაც სხდომათა დარბაზის დატოვების მოთხოვნა გამოიყენეს, დაექვითება სანქციის გამოყენების დღის ხელფასი და პარლამენტის წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა ანაზღაურება.
პარლამენტის წევრი, რომლის მიმართაც სხდომათა დარბაზის დატოვების მოთხოვნა გამოიყენეს, ვალდებულია დატოვოს სხდომათა დარბაზი. წინააღმდეგ შემთხვევაში, სხდომის თავმჯდომარე შეაჩერებს სხდომას, რის შემდეგაც მანდატური მიმართავს პარლამენტის წევრს სხდომათა დარბაზის დატოვების მოთხოვნით.
სხდომათა დარბაზის დატოვების მოთხოვნა გამოიყენება პარლამენტის იმ წევრის მიმართ, რომელმაც იმავე სხდომაზე უკვე მიიღო გაფრთხილება ოქმში შეტანით და იგი კვლავ არღვევს წესრიგს. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ვეფხვაძის გაძევებამდე, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძეს არ განუმარტავს, რომ მას გაფრთხილება ოქმში შეტანით გამოუცხადა.
რეგლამენტი გაძევებულ პარლამენტის წევრს აძლევს უფლებას, წერილობით შეიტანოს დასაბუთებული პროტესტი პარლამენტის მომდევნო პლენარული სხდომის დაწყებამდე. პროტესტის განხილვას კენჭი ეყრება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. განხილვის შემდეგ პროტესტი დაკმაყოფილებული იქნება, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
შეგახსენებთ, რომ პლენარულ სხდომაზე დებატები "საქართველოს ზოგიერთ საკანონმდებლო აქტში" ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა, რომელიც სახელმწიფოს წარმომადგენლების სასამართლო განხილვაში ჩაერთვას ითვალისწინებს, თუ დავის საგანს 500 000 ლარი წარმოადგენს. მოქმედი კანონმდებლობით, დავაში ჩართვა სახელმწიფო მოხელს მხოლოდ მაშინ შეეძლო თუ დავის საგანი ერთ მილიონ ლარს შეადგენდა.