"როსავიაციამ" მიმდინარე წელს შესაძლოა "ტუ 154მ"- ტიპის თვითმფრინავების ექსპლუატაცია შეაჩეროს, იმ შემთხვევაში თუკი ჩატარებული არ იქნება კონსტრუქციული დამატებითი სამუშაოები. ეს განცხადება უწყების ხელმძღვანელმა ალექსანდრე ნერადკომ გააკეთა. ამ დროისათვის რუსული ავიაკომპანიები 75 ამ ტიპის თვითმფრინავს იყენებენ.
"ბოლოს, საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ამ თვითმფრინავისათვის არ დამატებულა არავითარი ახალი კონსტრუქციული მიღწევა. რის შედეგადაც ბოლო ორი წლის განმავლობაში გახშირდა ინციდენტები, რომლებიც ამ ტიპის თვითმფრინავთანაა დაკავშირებული", _ აცხადებს ნერადკო და აღნიშნავს, რომ 2009 წლის ივლისში ირანში კატასტროფა განიცადა "ტუ 154მ"- ტიპის თვითმფრინავმა, რომლის შედეგადაც 168 ადამიანი დაიღუპა. მიზეზი ძრავის გაჩერება გახდა. 2010 წლის დეკემბერში ამ ტიპის თვითმფრინავი "დომოდედოვოში" ავარიულად დაჯდა. 2010 წლის მარტში "ტუ 154მ" -ი ავარიულად დაჯდა ტაიგაში და მაშინ ასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მფრინავებმა სასწაულით შეძლეს.
აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე ნერადკოს "ტუ 154მ"- ტიპის თვითმფრინავთა კატასტროფების ჩამოთვლის დროს არ უხსენებია 2010 წლის 10 მარტს მომხდარი ყველაზე ხმაურიანი ავიაკატასტროფა, რომელშიც პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მისი მეუღლე და პოლონეთის მთავრობის წევრები დაიღუპნენ. სულ ამ ავიაკატასტროფის დროს 96 ადამიანი გარდაიცხადა.