საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ისრაელში ვიზიტის გადადება ისრაელში, საქართველოში ებრაელი ბიზნესმენების დაკავებას არ უკავშირდება.
დავით ბაქრაძის ისრაელში ვიზიტის გადადების საკითხთან დაკავშირებით დღეს განმარტებები პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გაკეთდა.
როგორც ჟურნალისტებთან სამსახურის უფროსმა მაკა გიგაურმა განაცხადა, არანაირი საუბარი ორი ქვეყნის სპიკერებს შორის ვიზიტის გაუქმებასთან დაკავშირებით არ შემდგარა.
მისი თქმით, საქართველოს საელჩოს ისრაელში დაუკავშირდნენ ქნესეთიდან და ვიზიტის დროებით გადადება ორი მიზეზით სთხოვეს. კერძოდ, მიმდინარე კვირაში ისრაელში დაგეგმილია მოლაპარაკება პალესტინურ მხარესთან და მეორე, ქნესეთში უნდა გაიმართოს შიდა პოლიტიკური დებატები.
ამის გათვალისწინებით, კი ისრალის მხარე აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის ვიზიტს სატანადო ყურადღება ვერ დაეთმობოდა.
ამასთან, მაკა გიგაური თქმით, ვიზიტის გადადება დიპლომატიაში არის ჩვეულებრივი მოვლენა და მან მაგალითად საქართველოს თხოვნით გადადებული ვიზიტები დაასახელა. მათ შორის, ევროპარლამენტის დელეგაციის ვიზიტის გადადება მარტის ნაცვლად მაისისათვის და ყაზახეთის პარლამენტის სპიკერის ვიზიტის გადადება ზაფხულისათვის.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით დავით ბაქრაძის ვიზიტის გაუქმება ისრაელში, საქართველოში ებრაელი ბიზნესმენების დაკავებას უკავშირდება.