გავლენიანი ამერიკელი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ზაფხულში გამოაცხადებს.
ამის შესახებ ტრამპმა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ნიო იორკში გამართული შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ძალიან ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს როცა ქვეყანას კარგი ლიდერი ჰყავს. სამწუხაროდ, დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებს ასეთი მმართველი არ ჰყავს და სხვა ქვეყნები ამით სარგებლობენ. ჩვენ შეგვეძლო რომ კვლავ ძლიერები ვყოფილიყავით, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენი ქვეყანა სუსტად გამოიყურება", - აღნიშნა ბიზნესმენმა.
მისივე განმარტებით, ის ამერიკელი ხალხისთვის სასურველი ლიდერი სწორედ იმის გამოა, რომ საზოგადოების პრობლემები ესმის.
"ამბობენ, რომ გამოკითხვებში ვლიდერობ, რადგან ხალხს ესმის ჩემი გზავნილი. მათ არ მოსწონთ, როცა სამუშაო ადგილებს სხვა ქვეყნის მოქალაქეები იკავებენ (მაგალითად, ჩინელები) და აწარმოებენ ჩვენს პროდუქციას. არ მოსწონთ, რაც საწვავთან დაკავშირებით ხდება. ჩვენ ბურღვით სამუშაოებსაც არ ვაწარმოებთ საბადოებზე. ჩვენი ქვეყანა მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, მაგრამ მას არ ვიყენებთ. სწორედ ამიტომაც, ხალხი ფიქრობს, რომ ქვეყანა სათანადოდ არ იმართება. სწორედ ამიტომ აღმოვჩნი მე ლიდერის პოზიციაზე, რადგან ისინი გრძნობენ რასაც გამოვხატავ და განვიცდი", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ გამოკითხვებით, ტრამპი ერთ-ერთია ამერიკაში, რომელსაც ხალხი მომავალი პრეზიდენტის პოსტზე ისურვებდა.