ისრაელის კნესეტის (პარლამენტის) თავმჯდომარემ რეუვენ რივლინმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს ისრაელში 13 მარტისთვის დაგეგმილი სამუშაო ვიზიტის გადადება სთხოვა.
ისრაელის მედიის ინფორმაციით, კნესეტის სპიკერმა ქართველ კოლეგას სატელეფონო საუბრისას განუმარტა, რომ ისრალეში არასასურველად მიიჩნევა მოცემული მომენტისთვის საქართველოს ოფიციალურ პირებთან ყველა სახის კონტაქტი.
პრობლემა საქართველოში ისრაელის ორი ბიზნესმენის რონი ფუკსისა და ზევ ფრენკელის დაკავებას უკავშირდება, რომელთა სამამართლო პროცესი საქართველოში მიმდინარე პერიოდში იმართება.
ისრაელში მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ იმისათვის რომ ფუქსისთვის მისი კუთვნილი 90 მილიონი აშშ დოლარი არ გადაეხადა და მისი პროვოცირება მოახდინა.
აღნიშნულის გამო ისრაელის პოლიტიკურ და ბიზნეს წრეებში არის მოსაზრება, რომ საქართველოსთან ყველა სახის საქმიანი და ოფიციალური კონტაქტი შეწყდეს მანამ ვიდრე საქართველოს ხელისუფლება არ აღადგენს სამართლიობას - არ გაათავისუფლებს ფუკსსა და ფრენკელს.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი ბათუმში, გასული წლის 14 ოქტომბერს დააკავეს. ბიზნესმენებს მაღალი თანამდებობის პირისთვის ქრთამის შეთავაზება ედებათ ბრალად. მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
პატიმრობა შეეფარდა, აგრეთვე, იოანის კარდასოპოლუსს, რომელიც მიმალვაშია და მასზე ძებნაა გამოცხადებული.
დღეს, 11 მარტს, საქალაქო სასამართლოში ისრაელის მოქალაქეების საქმესთან დაკავშირებით მორიგი პროცესი გაიმართება.