ხვალ, 11 მარტს, პარლამენტი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის შესახებ კანონპროექტს მესამე მოსმენით დაამტკიცებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "სისხლის სამართლის კოდექსში".
კანონპროექტი საბოლოო სახით შემდეგნაირად ჩამოყალიბდა - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ნიშნავს მსჯავრდებულის უსასყიდლო შრომას, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო.
თუ მსჯავრდებული უარს განაცხადებს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომაზე ან ჯიუტად თავს აარიდებს მას, ეს სასჯელი შეიცვლება თავისუფლების შეზღუდვით ან თავისუფლების აღკვეთით. ამასთანავე, დრო, რომლის განმავლობაში მსჯავრდებული უხდის ამ სასჯელს, ჩაითვლება თავისუფლების შეზღუდვის ან თავისუფლების აღკვეთის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი - თავისუფლების შეზღუდვის ერთი დღეს, თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.
სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში ყოფნის დროს ჩაითვლება სასჯელის ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე - თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე, თავისუფლების შეზღუდვის ორი დღე, გამასწორებელი სამუშაოს ან სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვის სამი დღე, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი.
საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ (მათ შორის, სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით საპროცესო შეთანხმების დადებისას) სასამართლო განაჩენის ასლის აღსასრულებლად მიღების შესახებ პრობაციის ბიურო განუსაზღვრავს საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის სახესა და ყოველდღიურ ხანგრძლივობას.
პრობაციის ბიუროსა და დამსაქმებელს შორის იდება ხელშეკრულება, რომელშიც მიეთითება მსჯავრდებულის მიერ შესრულებული საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის სახე, მთლიანი ვადა, ყოველდღიური ხანგრძლივობა, სამუშაო ადგილი, დამსაქმებლის დასახელება, მისამართი, აგრეთვე საკითხის გადაწყვეტისთვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებები. ხელშეკრულების ასლი გადაეცემა მსჯავრდებულს.
საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის სრულფასოვანი აღსრულებისა და მასზე ჯეროვანი კონტროლის, მათ შორის ელექტრონული მონიტორინგის განხორციელების მიზნით, პრობაციის ეროვნული სააგენტო უფლებამოსილია გააფორმოს შესაბამის ხელშეკრულება/შეთანხმება ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოსთან ად სხვა დამსაქმებელთან, რომელიც შეიძლება ითვალისწინებდეს მხარეთა მიერ განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულებას. ამ პუნქტის შესაბამისად მიღებული საფასური მოხმარდება პრობაციის ეროვნულ სააგენტოს ამ და სხვა მიზნების განხორციელებას.
მსჯავრდებული, მისი სოციალური მდგომარეობისა და სამუშაო პიროების გათვალისწინებით უზრუნველყოფილი იქნება კვებით ან პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ ანაზღაურდება კვების ხარჯები.
საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეიძლება განხორცილდეს დღის ნებისმიერ მონაკვეთში.
საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ვადა გამოითვლება საათებით, რომლის განმავლობაში მსჯავრდებული ასრულებს სავალდებულო შრომას.
თუ პრობაციის ბიუროს მიერ შეთავაზებული სამუშაოს ხანგრძლივობა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაზე ნაკლებია, პრობაციის ბიურო ვალდებულია შეთავაზებული სამუშაო ვადის გასვლის შემდეგ განსაზღვროს მსჯავრდებულის ახალი სამუშაო ადგილი.
კანონი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.