საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ევროკავშირში პარტნიორებს ლიბიის იმ ტერიტორიის დაბომბვისკენ მოუწოდებს, რომლებსაც მუამარ კადაფი აკონტროლებს.
საფრანგეთის პრეზიდენტთან დაახლოებული წყარო იტყობინება, რომ პრეზიდენტი სარკოზი კადაფის სამხედრო სისტემების ჩახშობასაც მოითხოვს.
ლიბიის რეჟიმის წინააღმდეგ სარკოზის მოქმედების გეგმა ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე 11 მარტს გახდება ცნობილი.
ცნობისთვის, 5 მარტს საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალენ ჟიუპემ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა გაეროს უშიშროების საბჭოზე დიდ იმედს ამყარებს, რაც ლიბიის საფრენი სივრცის დახურვას გულისხმობს.
"დიდ ბრიტანეთთან ერთად ჩვენ ვარწმუნებთ გაეროს უშიშროების საბჭოს, რათა ლიბიის საფრენი ზონა დაიხუროს", _ აღნიშნა ალენ ჟიუპემ.
მისი თქმით, საფრანგეთის ხელისუფლების სიმპათია თავისუფლების მხარეს მებრძოლი ხალხის მხარეზეა.
უფრო ადრე ალენ ჟიუპემ განაცხადა, რომ ლიბიის ხელისუფლების წინააღმდეგ საომარ ოპერაციაში მონაწილეობას საფრანგეთი გაეროს უშიშროების საბჭოს კოლექტიური გადაწყვეტილების გარეშე არ აპირებდა.