საპარლამენტო ოპოზიცია მაუწყებლობის შესახებ კანონში მედიაკომპანიების ფინანსური აუდიტის ჩატარებასთან დაკავშირებით მუხლის ჩადებას ითხოვს. როგორც დეპუტატმა ლევან ვეფხვაძემ საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრის დაწყების წინ აღნიშნა, აუცილებელია, მედიაკომპანიების ფინანსური აუდიტი საერთაშორისო სტანდარტების აუდიტმა ჩაატაროს და თუ აღნიშნული კანონპროექტში იქნება გათვალისწინებული, მას ქრისტიან-დემოკრატები მხარს დაუჭერენ. უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, პავლე კუბლაშვილის განცხადებით, დღევანდელ კონსულტაციებზე შეეცდებიან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შუალედური პოზიციების გამონახვას.
"რაც შეეხება ფინანსურ გამჭვირვალეობაში აუდიტის ნაწილს, ამაზე მსჯლეობა გვექნება კონსულტაციებზე და იმედი მაქვს, საერთო შეხედულებამდე მივალთ. ეს, ერთის მხრივ, უნდა უზრუნველყოფდეს მედიაკომპანიის ფინანსურ გამჭვირვალეობას და ამასთან არ უნდა ლახავდეს კომპანიის კომერციულ ინტერესებს", - დასძინა კუბლაშვილმა.
საპარლამენტო ოპოზიციასა და უმრავლესობის შეხვერდა მედიაგამჭვირვალეობის კანონპროექტთან დაკავშირებით უმრავლესობის ლიდერ პეტრე ცისკარიშვილთან გაიმართა.
შეგახსენებთ, რომ მედიაგამჭვირვალეობის შესახებ კანონპროექტი საშემოდგომო სესიიდან საგაზაფხულო სესიისთვის განსახილველად სწორედ ფინანსური აუდიტის ჩატარების საკითხზე ვერ შეთანხმების გამო გადაიდო.
კანონპროექტის თანახმად კი, ობშორულ ზონებში დარეგისტრირებულ კომპანიებს ეკრძალებათ მედიასაშუალების წილის ფლობა. სავარაუდოდ, 11 მარტს პლენარულ სხდომაზე აღნიშნული კანონპროექტი მეორე მოსმენით გავა.