ივ. ჯავახიშვილის სახლობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, დღეს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ეწვია და სამოქალაქო რეესტრში გატარებული რეფორმებისა და სამომავლო პროექტების პრეზენტაცია გამართა.
აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ ივ. ჯავახიშვილის სახლობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული.
უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს გიორგი ვაშაძემ იუსტიციის სამინისტროს სფეროში განხორციელებული რეფორმები, ID ბარათების პროექტი და იუსტიციის სახლების კონცეფცია გააცნო.
აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროში არა ერთი ფართომასშტაბიანი პროექტი განხორციელდა: დაიწყო ბიომეტრული პასპორტების გაცემა, მოქალაქეებს საშუალება აქვთ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, სახლიდან გაუსვლელად, ონლაინ რეჟიმში მიიღონ პასპორტები, განმეორებითი მოწმობები და სხვა დოკუმენტები, დაიწყო მუშაობა ე.წ. საუკუნის - დამისამართების პროექტზე.
სამოქალაქო რეესტრი მიმდინარე წელს მუშაობის სრულიად ახალ ეტაპზე გადადის. 2011 წლის ზაფხულიდან საქართველოში ელექტრონული პირადობის მოწმობების გაცემა იწყება. ID ბარათები არსებითად შეცვლის სახელმწიფო და კერძო სექტორის ურთიერთობას მოქალაქეებთან.
იუსტიციის სამინისტროში მუშავდება სრულიად ახალი კონცეფცია - იქმნება იუსტიციის სახლები, სადაც მოქალაქეს ერთ სივრცეში შეეძლება სახელმწიფო სექტორში არსებული სერვისების მიღება. გარდა ამისა, ამავე სახლებში იქნება განთავსებული კერძო სექტორიც.
შეხვედრის ბოლოს წარმოდგენილ თემებთან დაკავშირებით, დისკუსია გაიმართა. სტუდენტები ძირითადად ID ბარათების პროექტით დაინტერესდნენ.
როგორც გიორგი ვაშაძემ განაცხადა, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან.
`შეხვედრაზე ვისაუბრეთ რა გავაკეთეთ ამ დრომდე და რის გაკეთებას ვაპირებთ მომავალში იმისთვის, რომ თითოეული მოქალაქე იყოს კმაყოფილი ჩვენი მომსახურებით. ძალიან ბევრი საინტერესო მოსაზრება მოვისმინეთ, ბევრი შეკითხვა დაისვა. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ანალოგიური ტიპის შეხვედრებს, რადგან თითოეული მოქალაქის და განსაკუთრებით სტუდენტების ჩართულობა მნიშვნელოვანია იმ რეფორმებში, რომელიც სახელმწიფო სექტორში ხორციელდება. სწორედ სტუდენტები არიან ის ადამიანები, რომლებმაც უნდა გააგრძელონ აღნიშნული რეფორმების მიმდინარეობა~-განაცხადა ვაშაძემ.
ალექსანდრე კვიტაშვილის თქმით, იუსტიციის სამინისტროში ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა, რომელიც მოქალაქეების კეთილდღეობას შეეხებოდა, მნიშვნელოვნად გამარტივდა საქმისწარმოება და ნებისმიერი ადამიანისთვის სასიხარულოა ამ პროექტების უკეთ გაცნობა.