თავისუფალი დემოკრატები "შრომის კოდექსს" მონათმფლობელურს უწოდებენ. როგორც საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარემ ვიქტორ დოლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, "შრომის კოდექსის" პირობებში დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობის შემთხვევაშიც კი ადამიანების შრომითი უფლებების დაცვა შეუძლებელია.
როგორც დოლიძემ განმარტა, "შრომის კოდექსის" ხარვეზებზე დასუფთავების სამსახურში არსებული პრობლემებიც მიუთითებს. დოლიძემ დასუფთავების სამსახურში არსებული პრობლამების მოგვარება მოითხოვა. მისი მტკიცებით, დასუფთავების სამსახურში დაქირავებულთა უდიდეს ნაწილს, მიუხედავად არაერთგზის მოთხოვნისა, არ აძლევენ შრომით ხელშეკრულებას; დასაქმებულთა სამუშაო დრო დღეში 10-12 საათია; მეეზოვეები, ნაცვლად ნორმით გათვალისწინებული 6000 მ/კვ-ის ასუფთავებენ 9-11 000 კვ/მ-ს; დასაქმებულებს აქვთ მხოლოდ ორ კვირიანი შვებულება; ხშირია დასაქმებულთა სამსახურებიდან უსაფუძვლო განთავისუფლების შემთხვევები; ადმინისტრაცია ხელს უშლის დამოუკიდებელი პროფკავშირების მუშაობას.
"თავისუფალი დემოკრატები" კატეგორიულად მოითხოვენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საჯარო განხილვისათვის სასწრაფოდ გამოაქვეყნოს "შრომის კოდქსის" ცვლილებათა პაკეტი.
"დასუფთავების სამსახური, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მხარჯველი სტრუქტურაა დედაქალაქში. 2009 წელს მისი ბიუჯეტი იყო 40,9 მლნ. ლარი, 2010 წელს - 49,7მლნ.ლარი, ხოლო 2011 წლის ბიუჯეტი - 50,8 მლნ. ლარს შეადგენს. ანუ უკანასკნელ სამ წელიწადში დედაქალაქის დასუფთავების მიზნით გამოყოფილია სულ - 141,4 მლნ. ლარი... "თავისუფალი დემოკრატები" კატეგორიულად კიდევ ერთხელ მოვითხოვთ: დედაქალაქის საკრებულოს სარევიზიო კომისიამ ერთი კვირის ვადაში წარმოადგინოს 2011 წლის სამუშაო გეგმის პროექტი და მასში აუცილებლად გაითვალისწინოს დასუფთავების სამსახური მონიტორინგი", - განაცხადა დოლიძემ.
ამასთან. "თავისუფალი დემოკრატები" საქართველოს კონტროლის პალატას მიმართავენ დაინტერესდნენ დედაქალაქის ბიუჯეტის ხარჯვის მართლზომიერებისა და მიზნობრიობის საკითხებით.