"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბერძენიშვილი დაანონსებული რევოლუციის ავტორ ოპოზიციურ ძალებს ხელისუფლებასთან ინტერესთა თანხვედრაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ხალხში ახალი საპროტესტო განწყობის შექმნის მცდელობა ე.რ. პოლიტიკური რვიანის ფორმატის ტორპედირებას ემსახურება.
"ჩვენ ყველაფერს ვხედავთ. ვხედავთ რვიანის ფორმატის ტორპედირების მცდელობას ხელისუფლებასა და იმ ადამიანებს შორის ინტერესთა თანხვედრით, რომლებიც იძახიან, რომ გადაფხულზე გავუშვებთ სააკაშვილს, იმიტომ, რომ ზაფხულში დასვენება გვინდაო. არავის არაფერში ვადანაშაულებ და არც მათ შორის შიდაგარიგებებზე მივუთითებ, უბრალოდ ვითარებას აღვწერ. ახლა ხელისუფლებას არ აწყობს რვიანთან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე შეთანხმების მიღწევა და ცდილობს მტრის ხატის შექმნას, თითქოს ქუჩაში დესტაბილიზაციაა მოსალოდნელი. ამიტომაც, ის ეძებს "სხვა" მხარეს და ის "სხვა" მხარეც, მიუხედავად იმისა, რომ იცის, დღეს არაა ნამდვილი ძალა, ცდილობს ხელისუფლებას აღიარებინოს, რომ "ნამდვილია", - განუცხადა ბერძენიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
"ამიტომაც ეცილებიან "ქუჩის უფროსობაში" ერთმანეთს ბურჯანაძე დ აგაჩეჩილაძე, თუმცა ამ დროს ქუჩა არც არსებობს", - განმარტა მან.
შეგახსენებთ, რომ "ქართული პარტიის" ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ქვეყანაში რევოლუციური პროცესების დაწყებას ჩაუდგება სათავეში, რაც მან მიმდინარე წელს დაანონსა. ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლის გაურდაუვალობაზე საუბრობს "დემოკრატიული საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძეც.