"ახალი მემარჯვენეები" ხელისუფლებას ანტიინფლაციური ღონისძიებების დაუყოვნებლივი განხორციელებისკენ მოუწოდებენ, რათა მიმდინარე წლის სექტემბრიდან პენსიების 100-ლარამდე გაზრდა პენსიონრების კეთილდღეობაზე აისახოს.
"მართალია დაგვიანებით, მაგრამ ხელისუფლებას მაინც მოუწია გაეზარდა პენსიები, რაც თავისთავად არ შეიძლება ნეგატიურად შეფასდეს, მაგრამ ამ ნაბიჯის უკუგება ნოლის ტოლფასი იქნება თუ ხელისუფლება დაუყოვნებლივ არ განახორციელებს ღონისძიებებს ინფლაციური პროცესების შესაჩერებლად. ანტიინფლაციური ღონისძიებების გატარების გარეშე სექტემბრიდან პენსიების გაზრდა არ იქნება რაიმე შეღავათი პენსიონრებისთვის", - ნათქვამია "ახალი მემარჯვენეების" პარტიის განცხადებაში.
ამასთან, "ახლები" იქედან გამომდინარე, რომ ხელისუფლება არ აკონკრეტებს რის ხარჯზე ხდება ბიუჯეტიდანპენსიების ზრდისთვის საჭირო თანხების გამოყოფა, არ გამორიცხავს, რომ ამ ხარჯის გაღება თავად გახდეს ინფლაციის გამომწვევი კიდევ ერთი ფაქტორი ქვეყანაში.
"აქედან გამომდინარე „ახალი მემარჯვენეები" ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ განახორციელოს რეალური ღონისძიებები ქვეყანაში ინფლაციის და ფასების ზრდის შესაჩერებლად. პირველ რიგში: 1. ბიუჯეტის დეფიციტის შემცირების მიზნით მთავრობამ დაუყოვნებლივ დააბრუნოს პარლამენტში ხელახალი განხილვისათვის, 2011 წლის საქართველოს ბიუჯეტი მნიშვნელოვნად შემცირებული ხარჯვითი ნაწილით, პირველ რიგში მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების ხელფასებისა და პრემიების, სხვა არამიზნობრივი და არაკლასიფიცირებული ხარჯების შემცირების ხარჯზე; 2. უმოკლეს ვადაში წარმოადგინოს ანტიინფლაციურ ღონისძიებათა გეგმა, რადგან მოსახლეობისთვის დღემდე უცნობია რა გზით აპირებს ხელისუფლება მოთოკოს ინფლაცია და ფასების ზრდა ქვეყანაში", - აღნიშნულია განცხადებაში.
"ახალი მემარჯვენეები" ასევე აფრთხილებს ხელისუფლებას, რომ ინფლაციის პირობებში ფასების ზრდა და მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მსყიდველობითი უნარიანობის მკვეთრად დაცემა ქვეყანაში უკვე ხდება სერიოზული სოციალური კრიზისის საფუძველი და ხელისუფლების მხრიდან ამ პროცესის საწინააღმდეგო ანტიინფლაციური ღონისძიებების დროულად გატარების გარეშე ვითარება შეიძლება სახიფათო ზღვარს მიუახლოვდეს.