„ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერები დღეს დიღომში, ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტს ეწვივნენ. გიორგი თარგამაძე, გიორგი ახვლედიანი, ნიკა ლალიაშვილი და რატი მაისურაძე შეხვდნენ ინსტიტუტის ხელმძღვანელებს, გაეცნენ მათ საქმიანობას და მიღწევებს.
სამეცნიერო დაწესებულება სოფლის მეურნეობის, მედიცინისა და კვების მრეწველობის საკითხებზე მუშაობს. ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი საბჭოთა კავშირის დროიდან ამ პროფილის ერთადერთი სკოლაა რეგიონში. ინსტიტუტს ათეულობით ექსკლუზიური პროექტი აქვს განხორციელებული და 12 საერთაშორისო გრანტის მფლობელია.
„ეს დაწესებულება არის თვალსაჩინო მაგალითი, რომლითაც აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი სამინისტროები, ბიზნესმენები, პრაქტიკოსები. აქ დაგროვებულია უნიკალური გამოცდილება, რისი გაზიარება და გათვალისწინება, პირველ რიგში, სახელმწიფოს წაადგება" - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
მომავალ კვირაში, პარლამენტში მთავრობის წარმომადგენლების სტუმრობამდე, „ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერები სხვადასხვა პროფილის სამეცნიერო დაწესებულებებში მივლენ და დაგროვებულ კითხვებზე პასუხს მინისტრებისგან მოითხოვენ.